თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხო: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხო.
შარმანაშვილი მას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, კუპრაძემ ეს იცის და ისიც იცის, რომ „ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია“.
„მატყუარა! როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო და დანარჩენებსაც იგივე ელოდა. საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. არ იცის? იცის, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია. კიდევ, მაგ ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს. არა? არ იცის? ეგეც იცის. მე კიდევ ხელფასიდან ხელფასამდე ვალებს ვისტუმრებ. ამას არავის ვამადლი, მაგრამ ამნაირი ნილოსის ნიანგების მადის მქონე ხალხის სალაპარაკო არა ვარ. ეგეც იცის ალბათ, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხისთვის. საკუთარ სამშობლოს მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის წართმევას უპირებდა ჯაფარიძეც. კიდევ კარგი, წააგო ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში. რა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ვინ იყო? შემთხვევითი „პასაჟირი“. ვინმეს ახსოვს? არა ხართ ახლა ზოგიერთი რუსული გემის მიმართულებით გასაშვები? და საერთოდ, მე არ დამიწყია, მაგრამ ეტყობა ვინმეს ილუზია აქვს, რომ რა უქნეს ხალხს და მათ ქონებას ვინმეს დაავიწყდა, გავახსენებთ“, – წერს შარმანაშვილი.