თათია ჩახვაშვილი: ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითადი მიზანი თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი ურბანული გარემოს ფორმირებაა, რომელიც უპასუხებს როგორც მიმდინარე საჭიროებებს, ისე მომავალ თაობებზე გათვლილ სტრატეგიულ ხედვას

„თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესია — გრძელვადიანი ხედვისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლდათ დედაქალაქის მერის კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა“, - აღნიშნავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი, რითაც დედაქალაქის მერის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ დღეს კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
თათია ჩახვაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითადი მიზანი თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი ურბანული გარემოს ფორმირებაა.
„ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითადი მიზანი თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი ურბანული გარემოს ფორმირებაა, რომელიც უპასუხებს როგორც მიმდინარე საჭიროებებს, ისე მომავალ თაობებზე გათვლილ სტრატეგიულ ხედვას. ეს პოლიტიკა მოიცავს: გზებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას; გარემოს დაცვასა და გამწვანებული სივრცეების განვითარებას; სუფთა და მოწესრიგებული ქალაქის უზრუნველყოფას; საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას...
დღეს ჩვენ ვიხილეთ პრეზენტაცია, რომელიც არა მხოლოდ ციფრებისა და სტატისტიკის ერთობლიობაა, არამედ ფაქტებით გამყარებული პროგრესი — პროგრესი, რომელსაც თბილისელები ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად გრძნობენ.
2017 წლიდან დღემდე:
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 500 000 კვ.მ გზის საფარს
მოწესრიგდა 1 754 ქუჩა და გამზირი
აშენდა 3 ახალი ესტაკადა, პანდუსი და ერთი საავტომობილო ხიდი
მოეწყო 2 ახალი გვირაბი, რეაბილიტირდა 12 ხიდი, განხორციელდა 2 000-ზე მეტი პროექტი წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემებისთვის
გამაგრდა 700-მდე ავარიული საცხოვრებელი კორპუსი
რეაბილიტირდა 96 ობიექტი, მათ შორის 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო 2300-ზე მეტ მისამართზე
ამ შთამბეჭდავი ციფრების უკან დგას მუნიციპალიტეტის ათასობით თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა და მმართველი გუნდის სტაბილური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა — სწორედ ამ ერთიანობით იქმნება თანამედროვე, ევროპული თბილისი“, - აღნიშნავს სოციალურ ქსელში თათია ჩახვაშვილი.