Loading data...
თამთა მეგრელიშვილი: „ქართულმა ოცნებამ” შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას - სიმბოლურია, რომ კონსტიტუციის პირველი მუხლი იწყება სიტყვებით „სახელმწიფო სუვერენიტეტი”

„„ქართულმა ოცნებამ” როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, მიიღო ამბიციური პოლიტიკური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე და შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ კონსტიტუციის პირველი მუხლი იწყება სიტყვებით - სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეს შემთხვევითი არაა, ვინაიდან ეს შინაარსი საქართველოს სახელმწიფოს მძიმე ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა.

„24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა. 20 წლის განმავლობაში, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ცვლილებათა უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე, კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ქართული სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე.

„ქართულმა ოცნებამ” როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, მიიღო ამბიციური პოლიტიკური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე და შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

სიმბოლურია რომ კონსტიტუციის პირველი მუხლი იწყება სიტყვებით - სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეს შემთხვევითი არაა, ეს შინაარსი ჩვენი სახელმწიფოს მძიმე ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა. 70 წლის მანძილზე, ვიდრე მიიღებოდა 1995 წლის კონსტიტუცია და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქცია,ქართული სახელმწიფოს უმთავრესი გამოწვევა იყო სუვერენიტეტის ხელყოფა და ეს გამოწვევა დღესაც გამოწვევად რჩება.

დღეს საქართველოს კონსტიტუცია არის საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარი გარანტი. ქვეყნის უზენაესი კანონი იმსახურებს უფრო მაღალი სამოქალაქო კულტურის მქონე საზოგადოებას და სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრების მნიშვნელობასთან ერთად, მათი მხრიდან კანონისა კონსტიტუციის გააზრებასა და პატივისცემას”, - წერს მეგრელიშვილი.