Loading data...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგები შემცირდა, თუ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა? რატომ იყო ასეთი მცირერიცხოვანი გუშინდელი აქცია?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალების მიერ 9 მაისს ჩატარებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ვერ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ოცნებას შეუერთდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ იმედგაცრუებულნი და საკუთარ ლიდერებზე გაბრაზებულნი არიან“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ 9 მაისის აქციაზე გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია.

მისი თქმით, დასავლეთში სავარაუდოდ ახალ გეგმას წერენ იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიცია გააცოცხლონ, თუმცა ამას შედეგი ვერ ექნება.

„გუშინ, ოპოზიციის აქციას ვუყურებდი და ვფიქრობდი, შარშანდელთან შედარებით, ასე მკვეთრად რატომ შემცირდა მათი რიგები?

პასუხი მარტივია - მათი მხარდამჭერები მათივე უტვინობით დაიღალნენ! ვერ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ოცნებას შეუერთდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ იმედგაცრუებულნი და საკუთარ ლიდერებზე გაბრაზებულნი არიან.

არის კიდევ მეორე ფაქტორი, იმ აქციების მონაწილეთა გარკვეული ნაწილი მიხვდა მათ სიყალბეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და სახლში წავიდნენ.

გუშინდელი აქციის ფონზე, ვინც კი ოპოზიციიდან ფიქრობდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, შეიძლება მათაც უარი თქვან. ხედავენ, რომ შანსები მინიმალური აქვთ. ალბათ დასავლეთში კრიზის-მენეჯმენტი ჩართეს და ახალ გეგმას წერენ მილეული თუ გალეული ოპოზიციის აღსადგენად, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. დასავლეთმა ეს ოპოზიცია სისხლისგან დაწრიტა, მეტი აღარ შეუძლიათ, ამის იქით უკვე ყულფია, რაშიაც თავის გაყოფა არავის უნდა, თუნდაც დიდი ფულის ფასად.

დაველოდოთ, ვნახოთ, სადამდე მიილევა ოპოზიციის რიგები და სადამდე გაძლებს მათი დამკვეთების ნებისყოფა. თუმცა, მაინც საინტერესოა, ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგები შემცირდა, თუ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა?”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.