Loading data...
თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში, პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე არ დასრულდება. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, კიდევ უფრო დიდი ინტრიგად რჩება ჩინეთის სიჩუმე.

ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთი დუმილს დაარღვევს გამოჩნდება თუ როგორი იქნება მსოფლიოს ახალი პოლიტიკური არქიტექტურა. „ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე ვერ დასრულდება. ეს ომი იქცევა ბოლო ათწლეულების ყველაზე საშინელ ომად მსოფლიოში. მართებული იყო თუ არა ამ ომის დაწყება, ამას სულ მალე იტყვის ისტორია, მაგრამ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რითაც შეგვიძლია უახლოესი პერიოდის უსაფრთხოება შევაფასოთ ჩვენს რეგიონთან მიმართებით.

საბრძოლო ქმედებებზე პროფესიულ ანალიზს სამხედრო ექსპერტები აკეთებენ და ამას არ გავყვები, თუმცა, აშკარად ხილულია ამერიკა-ისრაელის სამხედრო სიძლიერე და ასევე, ირანის სულიერი სიმტკიცე. მე მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავ მოვლენებს. ფაქტია, ირანის ხელისუფლებამ ჯიჰადის გამოცხადებით სრულიად გააერთიანა მთელი შიიტური სამყარო. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს პირი, მათ მიერ გაცხადებულ „რელიგიურ შურისძიებას“ საზღვრები არ ექნება.

ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომი სულ ორი დღის დაწყებულია და ჯერ მოსალოდნელ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ბრიტანეთის პრემიერის განცხადება ამერიკისთვის ბაზების დათმობაზე, რომელსაც ალბათ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან, ომის არეალს ზრდის და მისი დასრულების ვადებს ახანგრძლივებს. აქ საყურადღებოა ამ ომისგან მიღებული სარგებელი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე არ ერთვებიან და ალბათ უკიდურეს წერტილამდე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. მაგალითად, რუსეთი, რომლის ნავთობის ფასი ყოველდღიურად იზრდება ევროპისთვის. თუ მისთვის მისაღებ სარგებელს გავითვალისწინებთ, მას ამ ომის დამთავრება მალე არ უნდა აწყობდეს.

უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინა-რუსეთის ბრძოლის ველზე კონფლიქტის ესკალაციას? რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალი იქნება, რადგან რუსეთს საუკეთესო შანსი აქვს მთელი ძალით შეუტიოს „მეგობრებისგან“ ისედაც მიტოვებულ უკრაინას. დღეს ეს კონფლიქტი ახალმა და კიდევ უფრო დიდმა კონფლიქტმა ჩაანაცვლა გლობალურ არენაზე და ყურადღების ეპიცენტრი ახლო და შუა აღმოსავლეთის მოვლენებისკენაა. უკრაინას ჰქონდა შანსი, ბევრად უფრო მეტი დივიდენდები მიეღო მანამდე, ვიდრე ახლა ან მომავალში ექნება.

ისევ ამერიკა-ისარელისა და ირანის ომს რომ დავუბრუნდეთ, ბევრი სვამს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და მოლაპარაკების გზით პრობლემური საკითხების გარკვევა? რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იყო უდიდესი შეცდომა. ამ ომმა გლობალურ პოლიტიკაში გასაქანი მისცა ანტიდასავლური ახალი ლიდერი სახელმწიფოების და ალიანსების გაძლიერებას. ამერიკა კარგავდა ლიდერი სახელმწიფოს როლს, ხოლო ისლამურ სახელმწიფოებში უკვე რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო შეიქმნა, რაც აშშ-ს მართვის სადავეებს მათზე, ასუსტებდა.

ლათინურ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ალბათ უფრო ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური გარიგებების ხელწერა მიჰყვება, ვიდრე დაპირისპირების. უკრაინის თემაც უკვე მათი შეთანხმების ნაწილია და რომ არა ევროპის სიჯიუტე, უკვე დასრულებული იქნებოდა. რაც შეეხება ირანს, რომელიც სერიოზული პოლიტიკური სუბიექტია, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. უკვე რამდენიმე ათეული წელია ირანის მმართველობა სრულად გადატანილია რელიგიურ ასპექტში იმ გათვლებით, რომ საჭირო დროს მტერთან საბრძოლველად, „რელიგიური შურისძიება“ იქნებოდა მათი ყველაზე ძლიერი იარაღი. აიათოლა ხამენეიმ შეძლო ირანელი ხალხის რელიგიურ მებრძოლებად ჩამოყალიბება, რაც დღეს უკვე სერიოზული პრობლემაა მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ევროპისთვის და კავკასიისთვის, სადაც მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა დიდია. ბუნებრივია, მუსლიმი მოსახლეობა დიდია ამერიკასა და ბრიტანეთში. ამ გათვლებით, უნდა ველოდოთ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ამ ქვეყნებში და არა მარტო აქციებს… როგორც ყოველთვის, მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ. ამ ომის ფონზე კიდევ უფრო დიდი ინტრიგა დევს ჩინეთის სიჩუმეში. როგორი იქნება მსოფლიოს ახალი პოლიტიკური არქიტექტურა, ამას გავიგებთ მაშინ, როდესაც ჩინეთი დუმილს დაარღვევს.

ამ მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება სამხრეთ კავკასიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში. რეგიონში საქართველოს ნეიტრალური პოლიტიკა და გაწონასწორებული განცხადებები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ჩვენი სამეზობლოსთვისაც“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.