Loading data...
შალვა პაპუაშვილი: საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.

ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.

ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.