შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც
მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ პროპაგანდა უცხოეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გია ხუხაშვილს ჩაბარდა, არხი ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას შეუდგა და სასულიერო იერარქებსაც მოჩვენებითი მხარდაჭერა გამოუცხადა. სასაცილოა ამის მოსმენა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.
კუჭაშვილის თქმით, ტაბახმელაში არსებული 93 ნაკვეთიდან ფიზიკურ პირებს მხოლოდ ხუთი ეკუთვნით, ბინის ყიდვით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არავის ენიჭება, ქონების საფუძველზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად კი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს უნდა აღემატებოდეს.
მისივე თქმით, Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევით 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით გაყიდული ბინების 7% არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს, საქსტატის მონაცემებით კი 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებს შორის მიგრაციული სალდო დადებითი იყო და 3 274 ადამიანი შეადგინა.
„მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ პროპაგანდა უცხოეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გია ხუხაშვილს ჩაბარდა, არხი ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას შეუდგა და სასულიერო იერარქებსაც მოჩვენებითი მხარდაჭერა გამოუცხადა. სასაცილოა ამის მოსმენა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც. ეკლესიის იერარქების პირად ცხოვრებაზე კი საჯაროდ საუბრობდნენ, რათა რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ, როგორც თავად სასულიერო პირებისთვის, ისე მთლიანად ეკლესიისთვის.
ახლა მინდა, თქვენი ყურადღება მელაძის შაბათის გადაცემაში გასულ მავნე რეპორტაჟზე შევაჩერო. მას სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ კონსერვატიული ღირებულებების ერთგული, გულწრფელი ადამიანები, რომელთაგან ბევრს პატივს ვცემ. სწორედ ამიტომ არ დავიზარე და რეპორტაჟის ძირითადი მტკიცებები გადავამოწმე. მონაცემები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მერაბიშვილის „რეალ TV“-ის ყოფილი „ჟურნალისტი“ მაკა ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ ტაბახმელაში გაყიდული ვილები ეგვიპტის მოქალაქეებს ეკუთვნით, სიუჟეტის კადრებით ხატავს ფონს, რომ ყველა ვილა ეგვიპტელების საკუთებაშია. წუთზე ნაკლებ დროში კი თავადვე იძულების წესით ამბობს, რომ ტერიტორია 93 ნაკვეთადაა დაყოფილი და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ხუთი ნაკვეთი ეკუთვნით. ოთხ მესაკუთრეს „არაბული წარმომავლობის“ პირებად მოიხსენიებს, მეხუთეზე კი ამბობს, რუსეთის მოქალაქე „უნდა იყოსო“. არაბული წარმომავლობა ეგვიპტის მოქალაქეობას არ ადასტურებს. ხუთი ნაკვეთის შესახებ ამ ცნობებით რეალურად არაფერი დგინდება - არც არაბიზაცია, არც ეგვიპტიზაცია.
სიუჟეტით ჩნდება განცდა, რომ არაბები ჩამოვლენ დასახლდებიან და ქართულ პასპორტსაც მიიღებენ, რაც არასწორია - ბინის ყიდვით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არავის ენიჭება. ქონების საფუძველზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებადაც კი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს უნდა აღემატებოდეს ლარში. ეს წესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ ვრცელდება. ბინადრობის უფლებიდან მოქალაქეობამდე კი საკმაოდ გრძელი გზაა, რომელიც მობინადრესთვის ურთულესი გასავლელია. რაც შეეხება საქართველოში „არაბიზაციის“ სურათის დახატვის მცდელობას, „ჟურნალისტი“ ცდილობს დახატოს სურათი, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტ ქონებას არაბები ყიდულობენ, შედარებისთვის მოვიყვან Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს კვლევას, რომლის ფარგლებშიც 2026 წლის სექტემბერში ჩატარდა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა. გამოკითხვამ ბათუმში 40-ზე მეტი მშენებარე საცხოვრებელი პროექტი მოიცვა, რაც ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, უძრავი ქონების გაყიდვები მყიდველთა მოქალაქეობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: გაყიდული ბინების 7% არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს, 12% - ისრაელის, 17% - ევროპის ქვეყნების, ხოლო 28% - საქართველოს მოქალაქეებმა. რაც მთავარია, ჩიხლაძე რეპორტაჟის ბოლოს საგანგაშო სურათს ხატავს და ამბობს, რომ საქართველოში იმდენად ცოტა ადამიანი ბრუნდება, მათი დაბრუნება სტატისტიკაში ვერაფერს ცვლის. საქსტატის მონაცემებით კი, 2025 წელს საქართველოს 62 073 მოქალაქე იმიგრანტად აღირიცხა, ხოლო 58 799 - ემიგრანტად. შესაბამისად, იმ წელს საქართველოს მოქალაქეებს შორის მიგრაციული სალდო დადებითი იყო და 3 274 ადამიანი შეადგინა“, - წერს შაკო კუჭაშვილი.