Loading data...
სანდრო რაქვიაშვილი: ოქროს ყიდვა ერთადერთი სწორი რამ არის, რაც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გააკეთოს

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იწონებს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

„ოქროს ყიდვა ერთადერთი სწორი რამ არის, რაც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გააკეთოს, თუ ის საერთოდ არსებობს. აქამდე რომ ოქროს რეზერვები არ გვქონდა, იყო დიდი სისულელე. საბოლოო ჯამში, ოქრო არის ფული და არა ლარი თუ დოლარი და ყველა დიდმა ცენტრალურმა ბანკმა ეს იცის. კარგია, რომ ჩვენამდეც დადის ეს მარტივი ჭეშმარიტება“, - წერს რაქვიაშვილი. 

ცნობისთვის, სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.