Loading data...
ნათია მოდებაძე ბაქრაძის განცხადებაზე: როგორი უღირსი და ზნეობისგან დაცლილი უნდა იყო კაცი, უწოდო ქალს „ნახმარი“, არათუ პოლიტიკოსის, არამედ ადამიანის შეგნების ყოველგვარ ზღვარს სცდება

საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, დასანანია, რომ ამ ენით მოსაუბრე ადამიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია.

„როგორი უღირსი და ზნეობისგან დაცლილი უნდა იყო კაცი, უწოდო ქალს (და ზოგადად ადამიანს) „ნახმარი“ მხოლოდ იმიტომ, რომ ამით განარჩიო სხვისგან! არათუ პოლიტიკოსის, არამედ ადამიანის შეგნების, ქმედების ყოველგვარ ზღვარს სცდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ „ახალმა სახემ”, ლაშა ბაქრაძემ კი სწორედ ასე მოიხსენია „ქართული ოცნების“ ქალები, რომელთაც „ნახმარი სახეები“ უწოდა და სასწორის მეორე მხარეს საკუთარი პარტიის ქალები დააყენა უმწიკვლობის სიმბოლოდ... რომ აღარაფერი ვთქვათ შეურაცხყოფაზე, ამ კითხვაზე მაინც გავცეთ პასუხი - არის თუ არა სიძულვილის ენა ის, რომლითაც ლაშა ბაქრაძე ესაუბრებოდა მხარდამჭერებს სიტყვით გამოსვლისას?! რატომ დუმან არასამთავრობოები?! სად არიან ქალთა უფლებათა დამცველები?! დასანანია, რომ ამ ენით მოსაუბრე ადამიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია…“, - წერს ნათია მოდებაძე.