ნანა კაკაბაძე: თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა - ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაზღვრო ლანძღვა-გინებით მხოლოდ უღირსი ადამიანები ცდილობენ თვითდამკვიდრებას, ვინაიდან ღირსეულებს ბრძოლაც და დაპირისპირებაც მხოლოდ ღირსეულად შეუძლიათ
„თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა - ინტერნეტის ეპოქაში სოციალური ქსელებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობამ უამრავი ხალხი ამოატივტივა საჯარო ცხოვრების ზედაპირზე. მათმა უმეტესობამ დაიწყეს თავის წამოყოფა და თვითდამკვიდრებისთვის ყველაფრის კადრება. განდიდებისა და თვითდამკვიდრების მოსურნეები, სიცრუესა და ყალბი ისტორიების გამოგონებას ისე მიეჩვივნენ, რომ ადამიანს ხანდახან ადამიანად ყოფნა შეგძულდება“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, მედია სივრცეში მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „ექსპერტობას“ იბრალებენ და საკუთარი ავტორიტეტს გამყარებას ავტორიტეტული პირების დისკრედიტაციით და არა რეალური ცოდნით ცდილობენ.
კაკაბაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის უსაზღვრო შეურაცხყოფით ხშირად „უღირსი ადამიანები“ ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას და თვითდამკვიდრებას, მისივე თქმით ღირსეული დაპირისპირება უნდა იყოს არგუმენტირებული და არა აგრესიული, რაც ძალიან ბევრმა „ექსპერტმა“ უკვე გამოავლინა.
მისივე თქმით, მსგავსმა ტენდენციებმა დაამახინჯა საზოგადოებრივი სტანდარტები და უსაფუძვლო ადამიანები ხშირად „გმირებად და „პატრიოტებად“ გვევლინებიან. კაკაბაძე ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ექსპერტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება და არა თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი.
„თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა ინტერნეტის ეპოქაში სოციალური ქსელებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობამ უამრავი ხალხი ამოატივტივა საჯარო ცხოვრების ზედაპირზე. მათმა უმეტესობამ დაიწყეს თავის წამოყოფა და თვითდამკვიდრებისთვის ყველაფრის კადრება. განდიდებისა და თვითდამკვიდრების მოსურნეები, სიცრუესა და ყალბი ისტორიების გამოგონებას ისე მიეჩვივნენ, რომ ადამიანს ხანდახან ადამიანად ყოფნა შეგძულდება. მრავლად არიან ისეთებიც, რომელთაც თავისი თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სხვისი (განსაკუთრებით ავტორიტეტული ხალხის) ლანძღვა-გინება აურჩევია და მათი დამსახურების დაცინვა-იგნორირებით სურს იმის თქმა, რომ ის ვინ არის, ვის დაჰკარგვია, მე შემომხედეთ, როგორი ყოვლისმცოდნე ბრძენი, ვაჟკაცი და უშიშარი ვარო. გარკვეული კატეგორია ადამიანებისა სხვის ლანძღვასა და დადანაშაულებას პატრიოტიზმის ფურჩში ახვევენ და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს უმსგავსობას მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ალაპარაკებთ და არა შური ან ვინმეს დაკვეთის შესრულება.
გონიერი ადამიანისთვის ასეთების ობიექტურობისა და გულწრფელობის საზომი იმის გარკვევაა, თუ თვითონ მათ რა აქვთ ცხოვრებაში გაკეთებული ქვეყნისათვის, შეჭირვებული ადამიანებისთვის ან ნაცნობ-მეგობრებისთვის მაინც. ხშირად გაიგონებთ, მე არა მაქვს სახსრები, თორემ მდიდარი რომ ვიყო, ქართველ მილიონერებზე მეტს გავუკეთებდი ჩემს ქვეყანასო. ჯერ ერთი, ეს როგორც წესი, მხოლოდ სიტყვების რახარუხია, და მეორეც, დალოცვილო, შენ თუ საკუთარ თავსაც ვერ უვლი, იმას ვინც საკუთარ თავსაც უვლის და სხვასაც, ასე გულმოდგინედ რაღაზე ლანძღავ. ვინც ქვეყნის წარსულს, მის ისტორიას რუდუნებით ეპყრობა, უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა, უამრავ ადამიანს ეხმარება, ბევრს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უბრუნებს, მის მიმართ მცირედ, მადლიერებასაც თუ ვერ განიცდი, ელემენტარულმა ზრდილობამ და ადამიანობამ ხომ მაინც უნდა შეგაჩეროს? რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკეთის დაფასებამ უარყოფითის დანახვის უნარი დაგვაკარგვინოს, მაგრამ როცა კრიტიკის ისეთი მაგალითი და გენეტიკა გაქვს, როგორიც აკაკიმ, ვაჟამ და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, იმ ჯანსაღს გადახედე შენი წარსულიდან თუ აწმყოდან და ისე ისაუბრე, რომ შენს აზრებში გესლი, შური და ბოღმა არ იკითხებოდეს, რადგან ამ კრიტიკაში არსებულ თუნდაც რაციონალურ მარცვალს, შურისა და დაუნდობლობის ნიაღვარი ისე დაფარავს და წალეკავს, რომ მას ვერავინ შეამჩნევს. შენ ვინ ხარ, რა ხარ, რატომ ხარ ის, ვინც საკუთარ თავს აძლევ უფლებას, არა კრიტიკისა, არამედ ლანძღვა-გინების ისეთი პიროვნების მიმართ, რომლის ღვაწლს ისტორია საუკუნეების მანძილზე შემოინახავს, ხოლო შენს არსებობას ვერავინ გაიხსენებს.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაზღვრო ლანძღვა-გინებით მხოლოდ უღირსი ადამიანები ცდილობენ თვითდამკვიდრებას, ვინაიდან ღირსეულებს ბრძოლაც და დაპირისპირებაც მხოლოდ ღირსეულად შეუძლიათ.ლანძღვა და გინება არსად არ შეფასებულა ღირსებად, ის მხოლოდ უღირს ადამიანებს ახასიათებთ. განსაკუთრებით სოციალურ ქსელები სავსეა მუხრუჭების არ მქონე თავშეუკავებელი და უზრდელური ადამიანების გამონათქვამებით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი კატეგორიის კრიტიკოსების წამოსკუპება ხდება ტელემედიებშიც „ექსპერტის“ სტატუსით და ვერ გაიგებ, საიდან ან რისი ექსპერტია. ვინ და რატომ შეარქვეს ასეთებს ექსპერტი და ისიც ზის ტელეეთერში, ავითარებს უნიჭო და უშინაარსო აზრებს ჭკვიანური სახის გამომეტყველებით. საეთერო სივრცე გაჯერებულია კვალიფიკაციის არ მქონე „ექსპერტების“ „ექსპერტული მოსაზრებებით“, რომელსაც სთავაზობენ საზოგადოებას. (ეს არის საზოგადოების უპატივცემულობა) ამაში არც ერთი მხარე არ ჩამორჩებიან ერთმანეთს.
ჩვენ უფრო ოცნების წარმომადგენელთა თუ მომხრეთა ასეთი ქცევა გვაღელვებს, თორემ დიდი ხანია ყველამ იცის, რომ ე. წ. „ოპო-ექსპერტებისაგან“ ასეთი ქცევა მათი ცხოვრების წესია. ეს გვაღელვებს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების მხარდამჭერი ასეთი „ექსპერტების“ მიერ გადმოფრქვეულ სიბრძნეებს კიდევ უფრო გაძლიერებულად და თავხედურად უკან გვიბრუნებენ ნაც-აკაცუკები და ნაც-ანასხლეტები. ასე გაგრძელდება დაუსრულებლად თუ ეს მახინჯი სტანდარტი არ შეიცვალა და ეს სწორედ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს. ექსპერტად უნდა იწოდებოდეს კონკრეტულ საქმეში კონკრეტული გამოცდილებისა თუ დამსახურების მქონე ადამიანი და არა თვითდამკვიდრებისთვის თავგადაკლული კარიერისტი, რომელიც ფუყე, ვითომ მაღალფარდოვანი შეგონებებით მდაბალი გემოვნებითა და ლანძღვა-გინების ენით ცდილობს პოპულარობის მოპოვებას. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი პრო-სახელისუფლო ექსპერტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წრეგადასული ქება და პირმოთნე შეფასება, სწორედ ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ მუშაობს. იმედია, ეს ტენდენცია კიდევ უფრო რთულ ფორმას არ მიიღებს და სახელებითა და გვარებით არ გახდება საჭირო მათი მოხსენიება. ასეთმა ტენდენციამ შვა მატყუარათა მთელი კოჰორტა. სახელისუფლებო და ოპო-ტელევიზიებიდან ისეთი ადამიანები იჩემებენ და ჰყვებიან 9 აპრილისა თუ 14 აპრილის აქციებზე ასევე სხვა საქვეყნო აქტივობებში საკუთარი მონაწილეობის შესახებ, რომ ადამიანს მათ მაგივრად შეგრცხვება. ასეთმა მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვიღაც ვიგინდარები 9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილის მონაწილეებს არ უშვებენ. ასეთი მახინჯი სტანდარტების დამკვიდრებამ შვა ვიგინდარების გამოცხადება გმირებად, კარიერისტების - პატრიოტებად და ფარისევლების - კეთილმსახურებად“, - წერს ნანა კაკაბაძე.