ნანა კაკაბაძე: ყველა დაპატიმრებულ პირს, რომელიც პოლიტიკურად აქტიური იყო, ან ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, ოპოზიცია „სინდისის პატიმარს“ უწოდებს - სინდისის პატიმრები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების მომხრეები

დღეს ყველა დაპატიმრებულ პირს, რომელიც პოლიტიკურად აქტიური იყო, ან ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, ოპოზიცია „სინდისის პატიმარს“ უწოდებს. ამით იმის ხაზგასმა უნდათ, რომ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ხელისუფლებამ ისინი მხოლოდ საკუთარი რწმენისა და შეხედულებების გამო დააპატიმრაო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ მოლოტოვის კოქტეილები, არ წაუკიდებიათ ცეცხლი საზოგადო, თუ კერძო საკუთრებისთვის. სინდისის პატიმრები არ შეიძლება ძალადობდნენ საკუთარი ქვეყნის პოლიციაზე, ან სილას აწნიდეს მათ. შესაბამისად, კაკაბაძის თქმით, „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედებს ნუ ექნებათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების ილუზია.
„ვინ არიან სინდისის პატიმრები?
დღეს ყველა დაპატიმრებულ პირს, რომელიც პოლიტიკურად აქტიური იყო, ან ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, ოპოზიცია „სინდისის პატიმარს“ უწოდებს. ამით იმის ხაზგასმა უნდათ, რომ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ხელისუფლებამ ისინი მხოლოდ საკუთარი რწმენისა და შეხედულებების გამო დააპატიმრაო.
ტერმინი „სინდისის პატიმარი“ მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა და საბჭოთა თუ სხვა რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლებს ამ სახელდებით იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ ისინი გამოხატავდნენ იმ საზოგადოების უმრავლესობის აზრს, რომელიც ანტისახელისუფლებო განწყობებითა და აზროვნებით გამოირჩეოდა, მაგრამ რეჟიმის შიშის გამო აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გამოთქვამდა საკუთარ აზრს, რადგან ეს უკიდურესად საშიში იყო მათი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ჯანმრთელობისათვის.
ამიტომ ტირანული რეჟიმების პირობებში ანტისახელისუფლებო აზრების და იდეების ხმამაღლა გამჟღერებლები საზოგადოებისთვის იყვნენ გმირები, რომლებსაც თავი ჰქონდათ გაწირული მთელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ანუ, რის თქმაც უმრავლესობას სურდა, მაგრამ შიშის გამო ვერ ახერხებდა, სწორედ მათი აზრების გამხმოვანებელი ის უმცირესობა მიიჩნეოდა სინდისის პატიმრებად, რომლებიც ბედავდნენ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად ხმამაღალი პროტესტების გამოთქმას და ამის გამო ფაქტობრივად ნებაყოფლობით მიდიოდნენ ციხეებში.
სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ მოლოტოვის კოქტეილები, არ წაუკიდებიათ ცეცხლი საზოგადო თუ კერძო საკუთრებისთვის. სინდისის პატიმრები არ შეიძლება ძალადობდნენ საკუთარი ქვეყნის პოლიციაზე, ან სილას აწნიდეს მათ. სინდისის პატიმარი ნიშნავს, რომ ის თავისი სინდისის ფარგლებში მოქმედებს ისე, რომ არ არღვევს კანონს. სინდისის პატიმრები ვერ იქნებიან ვერც ქვეყნის არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მსურველები და ვერც მათ გვერდით მყოფები. უსინდისობა და უნამუსობაა, იდგე იმ ხალხის გვერდით, ან გიყენებდეს ის ხალხი, ვინც ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, ხუბულოვს, გამცემლიძეს და კიდევ 150-ზე მეტი ახალგაზრდა პოლიციის ხელით სიცოცხლეს გამოასალმა, იური ვაზაგაშვილი, შვილის საფლავზე ააფეთქა, გირგვლიანი წამებით მოკლა, დედამისი - ირინა ენუქიძე შვილის სამართლის ძებნას შეწირა. ვინც ქვეყანას 20% დააკარგვინა, ციხეებში პატიმრები აწამა და თავისუფლებაზე ბიზნესმენები ძარცვა. ამ და სხვა უამრავი დანაშაულის ჩამდენებთან ვინც დგას გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად, ის არც ყოფილა და ვერც იქნება სინდისის პატიმარი.
გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის მომხრეები რასაც არ უნდა აპროტესტებდნენ და რისთვისაც არ უნდა მოხვდნენ ციხეებში, ისინი ვერ მიიღებენ სინდისის პატიმრის სტატუსს.
სინდისის პატიმრები არასოდეს არ ყოფილან ქსენოფობები, სხვა ერის, ან ერების მოძულენი, ისინი ყველა ერსა თუ ხალხში ეძებდნენ თანამოაზრეებს და ერთიანი ფრონტით უტევდნენ სისტემებს და არა კონკრეტულ პიროვნებებს.
ამიტომაც საბჭოთა კავშირში დისიდენტები იყვნენ რუსებიც, ქართველებიც, სომხებიც, უკრაინელებიც სხვებიც და მათ არასოდეს განურჩევიათ ერთმანეთი ეროვნებისა, თუ წარმომავლობის ნიშნით, ვინაიდან მათი სამიზნე იყო ბოროტება და არა ეროვნება, სისტემა და არა ქვეყანა.
არ უნდა ცდილობდე, სინდისის პატიმარი უწოდო იმ პირებს, ვინც ქვეყნის არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე მუშაობს, ვინც ქვეყნის ჩამოშლაზეა ორიენტირებული, ან ვინც ეროვნებათაშორის ზიზღს თესავს. ეს ისეთივე უსინდისობაა, როგორც სააკაშვილის დროს პიონერთა ბანაკების მსგავსი წარმონაქმნებისთვის პატრიოტთა ბანაკების დარქმევა. ასე ესმით მათ პატრიოტიზმიც და სინდისიც. ქვეყნისათვის საზიანო ინტერესების მქონე ჯგუფებს მიზანმიმართულად უნდათ უსინდისობის გაიგივება სინდისთან, პატრიოტიზმის გაიგივება - ქსენოფობიასთან.
სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა დამახასიათებელია რეჟიმებისთვის, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აკრძალულია, არ არსებობს, ან ხურავენ განსხვავებული აზრის გამხმოვანებელ მედიებს. შეზღუდულია მიტინგებისა და მანიფესტაციების შესაძლებლობა.
დღევანდელ საქართველოში ოპოზიციური მედია საშუალებები სახელისუფლოზე ბევრად უფრო მეტია. 300-დღიანი პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ვინმე საკუთარი აზრის, ან კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო დააპატიმრეს.
რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრის სტატუსს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ასეთად მიიჩნევს იმ ადამიანებს, ვინც შეგნებულად, დემონსტრაციულად სჩადის დანაშაულს პოლიტიკური მოტივებით და მიდის ციხეში. ამდენად, ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც შეგნებულად დაარღვიეს კანონი (არ გამოცხადდნენ საპარლამენტო კომისიაზე), შეიძლება მიაკუთვნო ამ კატეგორიას, თუმცა სისულელეა იმის მტკიცება, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და უდანაშაულოდ სხედან ციხეში.
და ბოლოს, ორი მაგალითი:
1. როდესაც ჩილეს დიქტატორი პინოჩეტი გადადგომიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ როგორც იქნა დააპატიმრეს, სწორედ „საერთაშორისო ამნისტიამ“ გამოაცხადა, რომ ის არავითარი პოლიტპატიმარი არ არის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ქმედებებისთვის იქნა დაკავებული, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილიო.
2. როდესაც ინგლისში დაპატიმრებულმა ირლანდიელმა ტერორისტებმა მონაცვლეობითი შიმშილობა გამოაცხადეს იმის მოთხოვნით, რომ მათთვის მიენიჭებინათ პოლიტიკური პატიმრების სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს შიმშილობები გაგრძელდა 1 წელს (როდესაც ერთი კვდებოდა შიმშილობით, მეორე იწყებდა და ა. შ.) და 10 ტერორისტი შეეწირა ამ შიმშილობას, პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა გამოიჩინა სიმტკიცე და დიდი საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად, არ აღიარა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად. მიზეზი უბრალო იყო, მან თქვა: „ისინი პატიმრობაში არიან არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მათ მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების გამო“-ო.
ასე რომ, ჩვენი „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედებს ნუ ექნებათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების ილუზია“, - წერს ნანა კაკაბაძე.