კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც კამათის ფონზე წარიმართა და აღნიშნავს, რომ ამის შემყურე ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა.
„თუ რაიმე, იოტისოდენა, მორალური უპირატესობა არსებობდა ოპოზიციურ მხარეს, დღეს - ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეს ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა. რამხელა შიდა თუ გარე მტრების წინაშე უწევდა პირადი სიცოცხლით თავგანწირვა იმის გამო, რომ საქართველო ამ გეოპოლიტიკურ „სამეფო კარის თამაშებში“ არ გაეხვია - პირადი სარგებლის მოპოვებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ტაშის დაკვრის გამო.
საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატები დაეპატრონება წიაღისეულს, რუსეთი დაეპატრონება ქალაქებს და ოლქებს - ბიზნესის მკეთებელი ბიზნესის მკეთებლად დარჩა, ოკუპანტი ოკუპანტად. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და გამძლეობა მათ ამ მართლაც მძიმე ჟამს“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე Facebook-ზე.