კონსტანტინე ზარნაძე: ამხელა ოპერაციას, რომელსაც ხელი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა, მხოლოდ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა ვერ დაგეგმავდა, დაიგეგმა იმიტომ, რომ რუსეთთან ომი ორი ქვეყნის ჩართულობით წარმოებულიყო
„საქართველო არის და იქნება განვითარებული სამყაროს ნაწილი, თავისი იდენტობით, საზღვრების დაცვით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე მუდმივი მუშაობით და სტაბილური განვითარებით“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ინფორმაცია დასავლეთს რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა.
„საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ, გაგახსენებთ მოვლენათა მარტივ ქრონოლოგიას:
2021 წლის ოქტომბერი: - ქვეყანაში მალულად შემოდის მიხეილ სააკაშვილი და დაგეგმილი აქვს არეულობის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
2022 წლის თებერვალი: - იწყება რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის შესახებ ინფორმაცია დასავლეთს რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საელჩოების დახურვა და დიპლომატების დაბრუნება საკუთარ ქვეყნებში.
ფაქტი ერთია, ამხელა ოპერაციას, რომელსაც ხელი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ვერ დაგეგმავდა, დაიგეგმა იმიტომ, რომ რუსეთთან ომი ორი ქვეყნის ჩართულობით წარმოებულიყო, მიზანი იყო რუსეთის დასუსტება და ამას თუ ქართველები შეეწირებოდნენ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.
ფაქტია, ეს მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ეს რომ გაეკეთებინათ, საქართველოში სჭირდებოდათ ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებდა ყველა მითითებას, სწორედ ამ ოპერაციის სისრულეში მოყვანის მთავარი დეტალი იყო სააკაშვილის არაჟნის ყუთებით შემოყვანა.
საქართველო არის და იქნება განვითარებული სამყაროს ნაწილი, თავისი იდენტობით, საზღვრების დაცვით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე მუდმივი მუშაობით და სტაბილური განვითარებით“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე.