გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
დამოუკიდებელი ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას გარკვეულ სფეროში და აქვეყნებს/აზიარებს თავის შეფასებებს/რეკომენდაციებს და არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან, ხელისუფლებასთან, ან მხარესთან, ანუ მოქმედებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ის აღნიშნავს, რომ „ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი“ პატრიცია გჟებიკი, რომელმაც „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას მოაწერა ხელი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია და მის ბიოგრაფიაში პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირის ფაქტები იკვეთება.
„ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, საიდანაც გზავნილებია საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე. მათთვის ე.წ. პროევროპული ნაცოპოზიცია, ასევე, უსამშობლო NGO განშტოებებით უფრო წონადია და სააკაშვილს თურმე „აწამებენ“. ე.წ. „მიუკერძოებელი“ ექსპერტის გჟებიკის CV-ში იკითხება: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრი; „მიეროშევსკის“ ცენტრი და ა.შ. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ე.წ. ავტორის, პანი გჟებიკის კარიერის დასაწყისს, მისი აკადემიური წარმატება საერთაშორისო სამართალში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით დაიწყო“, - წერს აბაშიძე.