Loading data...
დავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა: ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება

„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატებმა ოფიციალური ერევანი მსოფლიო ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირების ერთ-ერთ მთავარ რგოლად დაასახელეს.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ნეგატიური პროცესები გარდაუვალია და სომხეთის მთავრობას მოსახლეობისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გაიზარდა გაზის გადასახადი, რატომ კარგავენ საწარმოები კონკურენტუნარიანობას და რატომ ეკისრება ეკონომიკას დამატებითი ხარჯები.

„რუსული სანქციების მესამე თვე სულ უფრო მკაფიოდ იქცევა უსიამოვნო გამოცდად მთელი იმ ევრო-„დივერსიფიკაციის“ კონცეფციისთვის, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ბოლო წლებში თითქმის ყველა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემის უნივერსალურ გამოსავლად წარმოაჩენდა. რეალობა გაცილებით პროზაული აღმოჩნდა: გაირკვა, რომ სიტყვა „დივერსიფიკაციის“ წარმოთქმა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ახალი გასაღების ბაზრების შექმნა, ახალი ლოგისტიკური ჯაჭვების ჩამოყალიბება და უცხოელი მომხმარებლების დარწმუნება, რომ სომხური პროდუქცია იმავე მოცულობით შეიძინონ, რასაც ათწლეულების განმავლობაში რუსული ბაზარი უზრუნველყოფდა.

ჩვენ გვაქვს ამის მწარე გამოცდილება და ვიცით, რაზეც ვსაუბრობთ. ევროპული სუპერმარკეტები დღემდე არ არის სავსე სომხური ხილითა და ბოსტნეულით - თუ არ ჩავთვლით ევროკომისარ მარტა კოსის მიერ შეძენილ გარგარის მურაბის ორ ქილას. ბრიუსელი კვლავაც წარმოთქვამს ლამაზ სიტყვებს პარტნიორობაზე, თუმცა არ ჩქარობს იმ ბაზრის ჩანაცვლებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკის მთელ დარგებს ასაზრდოებდა. მაგრამ თუ აგროსექტორის პრობლემების დამალვა გარკვეული დროით ჯერ კიდევ შესაძლებელია სტატისტიკური მანიპულაციებითა და ოპტიმისტური პრესრელიზებით, ენერგეტიკა სრულიად სხვა საკითხია.

გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს. რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირების შესახებ ყველა საუბარი თანდათან ეჯახება მკაცრ რეალობას: ალტერნატივები ან საერთოდ არ არსებობს, ან მხოლოდ პოლიტიკური პროგრამებისა და კონფერენციების ფურცლებზეა წარმოდგენილი. გაზსადენები თითის ერთი დაქნევით არ შენდება, ხოლო მრავალწლიანი დამოკიდებულება არსებულ ინფრასტრუქტურაზე ერთი პრესკონფერენციის შემდეგ არ ქრება.

განსაკუთრებით სიმბოლურია მსჯელობა აზერბაიჯანიდან ან თურქეთის გავლით გაზის შესაძლო მიწოდებაზე. ჯერ კიდევ გუშინ სომხური პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებად წარმოაჩენდა. დღეს კი იგივე მიმართულებები ენერგოდამოკიდებულებისგან ხსნის პოტენციურ საშუალებად სახელდება. თუმცა, თუნდაც პოლიტიკური წინააღმდეგობები გვერდზე გადავდოთ, რჩება მთავარი კითხვა: ვინ, რა მოცულობით და რა ფასად არის მზად სომხეთს საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ იმედი, რომ გეოპოლიტიკური სურვილები როგორღაც ეკონომიკურ რეალობად გადაიქცევა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმოდგენების მიუხედავად, ვერც საზღვაო ნავსადგური გაჩნდება ევროპისკენ დამაკავშირებელ "უმოკლეს გზაზე", თორემ ამერიკულ გაზს მაინც მიაწვდიდნენ ნეო-ევროპელ სომხებს. საბოლოოდ ქვეყანა შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა: ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება. სწორედ მაშინ ხელისუფლებას მოუწევს მოსახლეობისთვის ახსნა, რატომ გაიზარდა გაზის გადასახადი, რატომ კარგავენ საწარმოები კონკურენტუნარიანობას და რატომ ეკისრება ეკონომიკას დამატებითი ხარჯები. სწორედ მაშინ შეიძლება გაჟღერდეს ახალი ეპოქის მთავარი ფორმულა: „დიახ, ათასი კუბური მეტრი გაზი 600–650 ევრო ღირს. დიახ, ეს ძვირია. მაგრამ ასეთია სუვერენიტეტის ფასი“. პრობლემა ის არის, რომ სუვერენიტეტი, როგორც წესი, სახელმწიფოს უნარით იზომება გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკა და მოქალაქეთა კეთილდღეობა, და არა მოსახლეობის მზადყოფნით, უსასრულოდ გადაიხადოს გეოპოლიტიკური ექსპერიმენტების საფასური საკუთარი ჯიბიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი.