დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე
საქართველოსთან მიმართებით გერმანიის მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ტაქტიკის ცვლილებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ის ვრცელ პოსტში აღნიშნავს, დიპლომატიური შტურმის ნაცვლად გერმანია რბილი ურთიერთობების პოლიტიკაზე გადადის.
ექსპერტი წერს, რომ ურთიერთობების შერბილების გზაზე პირველი ნაბიჯი ახალი ელჩის, ბარბარა ფოსის დანიშვნაა, რომელმაც ამ პოსტზე ხისტი პოლიტიკის გამტარებლად ცნობილი პეტერ ფიშერი შეცვალა.
„გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება თბილისში მოასწავებს ბერლინის სტრატეგიის იძულებით, თუმცა პრაგმატულ ცვლილებას ქართულ მიმართულებაზე. პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არ არის უბრალოდ გეგმური საკადრო ცვლილება, ეს არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე. იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის პირდაპირი ზეწოლა მმართველი პარტიის ხისტ დაცვას წააწყდა, გერმანია ინსტრუმენტარიუმს ცვლის: დიპლომატიური შტურმის ნაცვლად ირთვება ხანგრძლივი ალყის რეჟიმი ჰუმანიტარულ-კულტურული არხების მეშვეობით. პეტერ ფიშერი ასრულებდა პოლიტიკური ტრიბუნისა და ტარანის ფუნქციას. მისი სტილი ეფუძნებოდა ევროინტეგრაციის კურსის უაპელაციო დაცვას, საჯარო დემარშებსა და მოქმედი ხელისუფლების ღია კრიტიკას, რამაც თავად ელჩი თბილისისთვის პერსონალურ გაღიზიანებად, ხოლო კომუნიკაცია ჩიხთან მიახლოებულად აქცია. ბარბარა ფოსის დანიშვნა ნიშნავს უარს დიპლომატიური „რევიზორის“ როლზე. მისი პირველივე განცხადებები ფოკუსს პოლიტიკური ულტიმატუმებიდან არაკონფლიქტურ, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დღის წესრიგზე გადაიტანს: ქალთა უფლებები, ეკოლოგია, კულტურა და ხალხთაშორისი კავშირები. დიპლომატიური ფუნქციების თვალსაზრისით, ფოსის ამოცანაა შეინარჩუნოს გერმანიის ინსტიტუციური ყოფნა მაღალტოქსიკური პოლიტიკური კლიმატის პირობებში. თუ ფიშერი წვავდა ხიდებს ღირებულებითი პოზიციის გამო, ახალი ელჩი მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჰორიზონტალური კავშირების შენარჩუნებაზე, ამავდროულად ამცირებს მთავრობასთან პერსონალური ესკალაციის გრადუსს. ეს არის პროაქტიური პოლიტიკიდან „რბილი ძალის“ დიპლომატიისკენ დრეიფის კლასიკური მაგალითი, სადაც ღირებულებების ტრანსლირება ხდება არა საჯარო საყვედურებით, არამედ საგრანტო და ჰუმანიტარული პროექტებით. აქცენტების ასეთი ცვლილება არ ნიშნავს ბერლინის პოზიციის შერბილებას პრინციპულ საკითხებზე, გერმანიის საგარეო პოლიტიკას კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს და არა ცალკეული დიპლომატები. თუმცა შეიცვალა მეთოდოლოგია, ბერლინი დროებით წინა ხაზიდან იღებს საჯარო პოლიტიკურ ზეწოლას და ხისტ ღირებულებით არბიტრს ცვლის პლასტიკური დიპლომატ-ჰუმანიტარით, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს გერმანული გავლენა საქართველოში ოფიციალური დიალოგის საბოლოო გაწყვეტის რისკის გარეშე. რჩება მხოლოდ იმედი, რომ ახალი ელჩი გამოავლენს მეტ ინსტიტუციურ ტაქტს და, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, თავს შეიკავებს რადიკალური ოპოზიციის საკვანძო ფიგურებისგან საბიუჯეტო სახსრებით ელიტური საცხოვრებლის დაქირავებისგან, როგორც ამას გაუაზრებლად (ან გააზრებულად) აკეთებდა ჰერ ფიშერი, რომელიც ბინას ქირაობდა პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან და ამით დიპლომატიურ კორპუსს მიკერძოებულობის ბრალდებების ქვეშ აყენებდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.