დავით ქართველიშვილი მერი ლოულორის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რომელიც აპრიორი აყენებს საქართველოს მოსახერხებელი სამიზნის პოზიციაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს სპეციალური მომხსენებელის მერი ლოულორის განცხადებას, „საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს“.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ლოულორის მოხსენება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, რომელიც ახლა უკვე გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა.
„ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე“ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი საჯაროდ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სრულად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება“ და „თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, ამავდროულად, აფრთხილებს „სამოქალაქო საზოგადოებისათვის პირობების სერიოზულ გაუარესებაზე“. ფორმულირება ნაცნობია, თუმცა ტონი და სიმძიმე, რომლითაც ეს გზავნილი თბილისის მიმართ ჟღერს, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, როგორ საუბრობს იგივე ლოულორი ევროკავშირის ქვეყნებზე, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებზე. მის რიტორიკას მუდმივად ახასიათებს ენობრივი ასიმეტრია, თუ სად არის უწყინარი „შეშფოთება“ და სადაა კატასტროფული „გაუარესება“. დასავლურ დემოკრატიებთან მიმართებით ლოულორი სისტემურად იყენებს იურიდიულად ნეიტრალურ, სტერილურ ლექსიკას - „პროპორციულობის უზრუნველყოფა“, „გადამეტების თავიდან აცილება“, „კანონის დებულებების გადახედვა“ და ა.შ. მაშინაც კი, როდესაც საუბარია მასობრივ დაკავებებზე, პოლიციის მიერ მკაცრ და სასტიკ ტაქტიკაზე, ან სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების უსაზღვრო გაფართოებაზე - ლოულორის მხრიდან არ გვხვდება უკიდურესი ეპითეტები და ბრალდებითი ჩარჩო. საქართველოს შემთხვევაში კი ჩნდება დამძიმებული და განზოგადებული ფორმულირებები: „პირობების გაუარესება“, „სამოქალაქო სივრცის შევიწროება“, „ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე“. ეს სრულიად განსხვავებული რეგისტრია, რომელიც ქმნის სისტემური კრიზისის და არა ცალკეული ინციდენტის შთაბეჭდილებას. ფორმალურად, მერი ლოულორის, როგორც სპეციალური მომხსენებლის მანდატი უნივერსალურია, ფაქტობრივად კი - მიკერძოებულად შერჩევითი. ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მიმართ ლოულორი თავს არიდებს „წითელი ბარათების“ ჩვენებას და რბილ კორექციას ამჯობინებს. აშშ-ის მიმართ ის კიდევ უფრო ფრთხილია: მისი კრიტიკა იკარგება ზოგად წერილებში, ერთობლივ ბუნდოვან განცხადებებში, ყოველგვარი პერსონალიზაციისა და ხმაურიანი სათაურების გარეშე. საქართველო კი აპრიორი მიკუთვნილია „სასაზღვრო დემოკრატიებისა“ და „მეორეხარისხოვანი ქვეყნების“ კატეგორიას, სადაც დასაშვებია უფრო მკაცრი ფორმულირებები, არა იმიტომ, რომ ჩვენთან ფაქტობრივი მდგომარეობა მძიმეა, არამედ იმიტომ, რომ, ითვლება, რომ აქ პოლიტიკური ფასიც დაბალია და ჩვენს სუვერენიტეტზე, იდენტობასა და ღირებულებებზე ვინმე „ვუდუს ცეკვების“ უფლებით უნდა სარგებლობდეს. ელემენტარულ შედარებით რეალობას, თუ სად არის პრაქტიკაში უფრო მკაცრი ძალადობა, მარტივად მივყავართ პარადოქსამდე, რომ დემონსტრაციების დაშლა და პოლიციური იძულება ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ასევე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში) ობიექტურად უფრო მკაცრ და უხეშ ფორმებს იღებს, ვიდრე საქართველოში. მასობრივი დაკავებები, სპეციალური საშუალებების გამოყენება, პრევენციული კონტროლის გაფართოებული რეჟიმები - ეს ყველაფერი დასავლეთშიც ფიქსირდება. თუმცა სწორედ იქ რჩება ლოულორის რიტორიკა შეკავებული და პროცედურული, მაშინ, როცა თბილისის მიმართ ისმის განზოგადებული ბრალდებები, რომლებიც ქმნის „პრობლემური ქვეყნის“ რეპუტაციას. ლოულორის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც ორმაგი სტანდარტის, კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, ამჟამად გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რომელიც აპრიორი აყენებს საქართველოს მოსახერხებელი სამიზნის პოზიციაში - ქვეყნისა, რომლის მიმართ დასაშვებია ის, რაც დაუშვებელია უფრო მკაცრი და დაუნდობელი პრაქტიკის მქონე სახელმწიფოების მიმართ. ამ გადასახედიდან სავსებით ლოგიკური ჩანს აშშ-ის პრეზიდენტის მკაცრი რიტორიკა გაეროს მიმართ, როგორც დრომოჭმული, რეტროგრადული და უკიდურესად ტენდენციური „არბიტრისა“. ჩვენც სრული უფლება გვაქვს, ლოულორის მსგავსი შეფასებები ტრამპისეულ ფილტრში გავატაროთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.