Loading data...
დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს.

შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გამოცემა Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად. მაგალითად, კიტ კელოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, აშშ არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანას - ამერიკა უბრალოდ აცხადებდა, რომ ისინი „საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“.

კიტ კელოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე“. ამასთან დაკავშირებით კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი. „მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა“ - უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. „მთავარია, რომ იცის“ - ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია - უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო „გამყრელიძის დასკვნაზე“ დაყრდნობით, „ამ ეტაპზე“ - შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.