დავით ჩიხელიძე: საქართველოში ოპოზიციას რევოლუცია მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ მათ არ აქვთ ხალხის საკმარისი მხარდაჭერა, რათა არჩევნების გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა

„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში რევოლუცია ვერ ჩაითვლება პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევ ლეგიტიმურ და დასაშვებ მექანიზმად. დემოკრატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას გააჩნია ინსტიტუციური გზა საკუთარი არჩევანის გამოსახატავად – ეს არის არჩევნები, პოლიტიკური კონკურენცია, სასამართლო და პარლამენტის მუშაობა. რევოლუციის გზის არჩევა ნიშნავს ამ ინსტიტუტების იგნორირებას და სახელმწიფოს, განვითარების ნაცვლად ნგრევისკენ წაყვანას“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.
როგორც ჩიხელიძე წერს, პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციური გზით არის შესაძლებელი
დავით ჩიხელიძე იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებსაც რევოლუციურმა პროცესებმა პროგრესის ნაცვლად ნგრევა მოუტანა.
„რევოლუციები ისტორიულად ყოველთვის დაკავშირებულია ინსტიტუციური სტაბილურობის ჩამოშლასთან, ომთან ძალადობასთან და ა.შ. როდესაც პოლიტიკური სუბიექტები ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, მათ რეალურად არა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ არსებული წესრიგის განადგურება სურთ. სწორედ ამიტომ განვითარებულ დემოკრატიებში, სადაც პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა მყარად არის დაფუძნებული, რევოლუცია აღარ განიხილება როგორც გზა. იქ, სადაც მუშაობს არჩევნები და ხელისუფლების ცვლა ხდება კანონიერად, რევოლუცია ზედმეტია და მის გამოყენებას მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ცდილობენ.
მსოფლიო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ რევოლუციებს იშვიათად მოაქვთ ის შედეგი, რასაც მათი ინიციატორები საზოგადოებას ჰპირდებიან. ამის კლასიკური მაგალითია არაბული გაზაფხული. თავდაპირველად მას დემოკრატიული აღორძინების იმედი ახლდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რევოლუციურმა პროცესებმა რეგიონის სახელმწიფოებს პროგრესის ნაცვლად ნგრევა მოუტანა.
არაბული გაზაფხული 2010–2012 წლებში დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მასობრივი ქუჩის აქციებითა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტით. თავდაპირველი სლოგანები თავისუფლებაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და დემოკრატიაზე მიუთითებდა, თუმცა საბოლოო შედეგებმა პირიქით – ქაოსი და უკუსვლა მოიტანა.
ტუნისი –აქციების შედეგად, 2011 წელს პრეზიდენტი ზინ ელ აბიდინ ბენ ალი ქვეყნიდან გაიქცა. თავდაპირველად, ერთი შეხედვით მშვიდობიანი გზით განხორციელებული ცვლილებები, დემოკრატიულ ცვლილებად აღიქმებოდა. თუმცა, პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებამ, ტერორიზმის საფრთხეებმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა პროცესი შეაფერხა. 2021 წელს პრეზიდენტმა კაის საიდმა ფაქტობრივად დაითხოვა პარლამენტი და უზარმაზარი ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქცია, რაც ადასტურებს, რომ რევოლუციის შედეგად მიღწეული დემოკრატია კვლავ ავტორიტარიზმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ეგვიპტე – 2011 წელს ასობით ათასი მოქალაქე ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბა, რის შედეგადაც ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობა დასრულდა. თავდაპირველად ქვეყანამ დემოკრატიისკენ სწრაფვის იმიჯი მოიპოვა, ახალი პრეზიდენტი – მოჰამედ მორსი დაინიშნა. თუმცა მორსის მმართველობა მალევე გახდა დაპირისპირების საგანი, სამხედროებმა იგი ჩამოაშორეს, ეგვიპტე კი კვლავ სამხედრო ავტორიტარიზმის გზაზე დაბრუნდა.
ლიბია – 2011 წელს მასობრივი პროტესტი მუამარ კადაფის დამხობით დასრულდა, თუმცა ქვეყნის სტაბილურობა ვერ აღდგა. ლიბია დღეს გაყოფილია მეტოქე ძალებს შორის, ცენტრალური ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს, ხოლო ქვეყანა შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების სივრცედ იქცა.
სირია – მშვიდობიანი პროტესტი 2011 წელს გადაიქცა მასობრივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და ოპოზიციურ ძალებს შორის. ომმა ასობით ათასი ადამიანი შეიწირა, მილიონობით ლტოლვილი გამოიწვია, ქვეყანა ნანგრევებად იქცა და საერთაშორისო გეოპოლიტიკური ბრძოლის არენა გახდა.
იემენი – რევოლუციის შედეგად პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი გადადგა, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს სტაბილურობის შენარჩუნება. სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო ძალების დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაძირა, რასაც ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ რევოლუციები ვერ ქმნიან მდგრად დემოკრატიას. სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შემდეგ ქვეყნები ხვდებიან ან სამხედრო დიქტატურაში, ან სამოქალაქო ომში, ან სტაბილურობის ხანგრძლივ კრიზისში. პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციური გზით არის შესაძლებელი, ხოლო რევოლუცია – ნგრევის სინონიმი“, - წერს ჩიხელიძე.
ამასთან, ექსპერტი, ასევე, წერს, რომ „აქვე საინტერესოა უკრაინაში და საქართველოში განხორციელებული რევოლუციების „დემოკრატიული“ შედეგები“.
„უკრაინა–მაიდანი(2013–2014) თავდაპირველად მიზანი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და ევროპული ინტეგრაციის გზა. თუმცა მალე დაწყებული რევოლუცია გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებად, რასაც მოჰყვა სამხედრო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ქვეყნის ტერიტორიული დაყოფა (კრიმიის ანექსია) ომი და საზოგადოებრივი ტრავმები.
საქართველო–ვარდების რევოლუცია(2003)თავდაპირველად ქვეყანაში მიზანი იყო გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფა. თუმცა პროცესმა შექმნა ხელისუფლების ცენტრალიზაცია, ინსტიტუტების მიტაცება და პოლიტიკური დაპირისპირება. ქვეყანაში განმტკიცდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკონტროლებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, შემცირდა მრავალპარტიულობა.
ორივე ქვეყანა რევოლუციის შემდეგ ჩაება ომში, რისი შედეგიც ინფრასტრუქტურის განადგურება, დაკარგული ტერიტორიები, ასობით გარდაცვლილი ადამიანი და მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები იყო.
საქართველოში ოპოზიციას რევოლუცია მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ მათ არ აქვთ ხალხის საკმარისი მხარდაჭერა, რათა არჩევნების გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რევოლუცია მათი ინტერესი არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალის გამყარების მიზნით ხდება, რაც პირდაპირ ემუქრება სახელმწიფო სტაბილურობას.
საქართველოს შემთხვევაში, როცა ოპოზიციის ნაწილი ღიად საუბრობს რევოლუციის შესაძლებლობაზე, რეალურად ეს ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივებს არა თუ არ აძლიერებს, არამედ საფრთხეს უქმნის. ოპოზიცია ამ გზით არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. რევოლუციის მუქარა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მცდელობას, რაც აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ უკუსვლას, ინვესტიციების შემცირებას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას. სხვა სიტყვებით, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს არა პროგრესს, არამედ არეულობას და საზოგადოების დაყოფას.
საქართველო განვითარების გადამწყვეტ ეტაპზეა. ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მიზანი, რაც მოითხოვს სტაბილურ ინსტიტუტებს, კანონიერ პროცესებს და პოლიტიკური კონკურენციის მშვიდობიან წესებს. რევოლუციური რიტორიკა სწორედ ამ გზას აფერხებს. საზოგადოება, რომელიც რევოლუციის მოლოდინში ცხოვრობს, ვერ განიცდის პროგრესს – ასეთ გარემოში ვერ ყალიბდება ძლიერი ეკონომიკა, ვერ შენდება სოციალური სახელმწიფოს მოდელი და ვერ ხორციელდება სტრატეგიული რეფორმები.
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ლეგიტიმური მმართველობის დამხობა და სახელმწიფო სტრუქტურების ძალით შეცვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული თვითგამორკვევის პრინციპებს. გაეროს დოკუმენტები და ეუთოს სტანდარტები ხაზს უსვამენ, რომ პოლიტიკური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციური გზით. შიდა სამართლის მიხედვითაც, ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც მიანიშნებს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე ან ძალადობრივი გზით შეცვლაზე, წარმოადგენს კრიმინალურ დანაშაულს“, - წერს ჩიხელიძე.