ჩაკვეტაძე სტუ-სა და თსუს არგაერთიანებაზე: ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.
„თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. შენარჩუნებული იქნება პრინციპი - „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
სტუ თავის ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს.
ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს.
როგორც თავიდანვე ვთქვით, საუნივერსიტეტო რეფორმის თითოეული ეტაპი გამჭვირვალედ და აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობით განხორციელდება.
გვაქვს მიზანი, დიდი ისტორიის ქართული უმაღლესი განათლება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე გახდეს!“ - წერს ჩაკვეტაძე.