არჩილ გორდულაძე: დღეს ოჯახზე და შვილებზე პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ ქვეყნის მომავლისთვის

„დღეს ოჯახზე და შვილებზე პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდვიათ ამ ქვეყნის მომავლისთვის და მეტიც კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე წერს.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
„გუშინდელმა საკომიტეტო და დღევანდელმა პლენარულ სხდომაზე განხილვებმა აჩვენა სად არის რეალობა. პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები ჰქვია და არა არაკომპეტენტური და ტენდენციური შეფასებები. ნული არგუმენტები და მხოლოდ ცრუ პათეტიკა.
დღეს ოჯახზე და შვილებზე პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ ქვეყნის მომავლისთვის და მეტიც კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. მათ მოღალატეობრივ საქმეებზე წარმოდგენას სულ მცირე 1633 რეზოლუციის მხარდაჭერა გვიქმნის, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა და კასეტური იარაღის გამოყენება დააბრალეს.
გამოდიან ახლა ყალბი პატრიოტული განცხადებებით და "რუსული" კანონი არ მიიღოთო დაუჩემებიათ. ნამდვილად რუსული კანონები კოლექტიურ ნაცმოძრაობას რომ აქვს მიღებული, ეგეთი უნდა. თუ დაგვავიწყდა როგორ შეცვალეს კანონმდებლობა და 2007 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი აღადგინეს ადმინისტრაციული ერთეულის სახით? დაგვავიწყდა, რომ უფრო შორსაც არ წავიდნენ, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი არ დაარქვეს?
2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველსაყოფად გააგრძელებს გადაწყვეტილებების მიღებას შემდეგშიც!
ყველამ გაიგო და მომავალშიც კარგად დარწმუნდება, რომ ვერანაირი მუქარა და ყალბი პატეთიკა ვერ გახდება ქვეყნის ინტერესზე უარი თქმის საფუძველი და დიახ, საქართველო მიიღებს ქართულ კანონს და გააგრძელებს ქართულ საქმეს!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას!“ - წერს არჩილ გორდულაძე.