ზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
როგორც ზურა აბაშიძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ინტენსიური სამუშაოების განხორციელებას ამ მიმართულებით.
„მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად გავეცანით კოჯორში დასრულებულ სამუშაოებს, სადაც აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შევუქმნათ უფრო უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, რომელიც უპასუხებს მათ ყოველდღიურ საჭიროებებს“, -
განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პროექტის ფარგლებში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყო ბორდიურები. ინფრასტრუქტურული პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 400 000 ლარია.