Loading data...
ზაზა ლომინაძე: ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, სახელმწიფო ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს

„ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკია შემოსული“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციას და ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციას და ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს. ვინც დასნეულებულია, მზად ვართ, სამედიცინო დახმარება გავუწიოთ და ვუმკურნალოთ.

ბოლო პერიოდში, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იცით, რომ ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკია შემოსული. იმ პოლიტიკით მივდივართ, რაც იმას გულისხმობს, რომ ნარკომანია არის სნეულება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.

სახელმწიფოს პოლიტიკა სწორი იყო, თუმცა ლიბერალური ელემენტებით, რითაც ის შედეგები არ დადგა, რასაც ველოდებოდით. წინასაარჩევნოდ მთელი საქართველო მოვიარეთ და მთავარ გამოწვევად ნარკომანიასთან ბრძოლა დასახელდა. ნარკოტიკის გავრცელება, დადება დრონებითაც კი ხდებოდა. ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებდნენ. რეალიზატორების მიმართ კანონმდებლობა გამკაცრებულია, შემდეგია ის, რომ სახელმწიფომ დასნეულებულთა მკურნალობა თავის ხელში აიღოს. მონაცემებია, რომ ამ საქმეში მთლად წესრიგი არ იყო. ქუთაისში, ქალაქგარეთ დავიტანეთ ეს პროგრამა, ქალაქს მოვაცილეთ, რათა ამ ყველაფერს სხვებმა არ უყურონ. ჩვენი მიზანი მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.