ზაქარია გვიშიანი: „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით, საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო თვეების წინ - განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ ქვეყანამ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო გარკვეული პერიოდის წინ.
„მინდა დავიწყო მადლიერებით და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ სიხარულს. საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო გარკვეული პერიოდის წინ, თვეების წინ. ერთ მედიკამენტთან მიმართებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ეს არ იყო მარტივი გზა, ჩვენ არათუ თვალს ვადევნებდით, სამინისტროს მხრიდან ვიყავით ინფორმირებული ყველა პროცედურაზე, ყველა აქტივობაზე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, მის გუნდს, რადგანაც, ბუნებრივია, არ შემიძლია არ დავეთანხმო, ეს არის მიღწევა მოწინავე ქვეყნებს შორის დგომა, რაც უკავშირდება იმ მედიკამენტს, რომელიც იქნება დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში შეტანილი და ეს, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია.
ეს მოხდა დათქმულ დროში, რა დროშიც ითქვა, როდესაც გამოცხადდა და მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ შეიძენდა ამ მედიკამენტს, იმ დროში, რა დროშიც იქნა დათქმული. დაახლოებით, თვე-ნახევარში, ეს არ იყო მარტივი გზა, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა პირდაპირ „იტალფარმაკოსთან“ შეთანხმება. აქ დაცული იქნა, რა თქმა უნდა, ხარისხი, უწყვეტობა მედიკამენტის მოწოდების და, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, დროული მოწოდება და როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, უკვე რამდენიმე დღეში იქნება მედიკამენტი საქართველოში და ვულოცავ ყველა მშობელს, პაციენტს და ყველა მხარდამჭერს, მათ შორის თქვენ, მედიის საშუალებების წარმომადგენლებს თითოეულს, რადგანაც ყველას გვახსოვს ის პერიოდი და ყველანი იყავით ჩვენს გვერდით“, - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება.