ვოლსკი: პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ
ამ დღეებმა აჩვენა, რომ პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება და დიდი სიმპათია მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა. არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც. ბევრი ხალხი ჩამოვიდა და მწუხარება გაიზიარეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ“.
„ეს იყო იმ დიდი ინტელექტის მანიფესტაცია, რომელიც ჩვენს ხალხს ისტორიული მემკვიდრეობით აქვს. ასევე, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომლებზეც პატრიარქი საუბრობდა და რასაც გვასწავლიდა – ტოლერანტობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ოჯახის სიწმინდეების მიმართ და უამრავი სხვა რამ, რითაც საქართველომ დღემდე მოაღწია. მისმა საზოგადოებამ ეს მაღალი ცოდნა, ინტელექტი და დამოკიდებულება შეინარჩუნა. უამრავი ხალხის სიჩუმე გარკვეულ კდემამოსილებას და ქედის მოხრას გამოხატავდა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ვიყავით და რა განცდაც გვქონდა ყველას ერთად. ამ განცდამ, მწუხარებამ და დარდმა გაგვაერთიანა. ეს დღეები ყველამ ერთად გავიზიარეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.