Loading data...
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN — ასიანი) გენერალური მდივნები და, ასევე, გაეროს გენერალური მდივნის პირველი მოადგილე, 10-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

ფორუმზე, თითქმის, ყველა აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს გლობალური მშვიდობის ინდექსი ყოველწლიურად უარესდება; 2025 წელს, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მსოფლიოში 50 ქვეყანა პირდაპირაა ჩართული კონფლიქტებსა და ომებში: „კაცობრიობის ცივილიზაციის გემი შევიდა სახიფათო წყლებში, სადაც უამრავი რიფია დამალული, წყლის ზედაპირზე კი შტორმები ბობოქრობს,” - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა დუნ ციუნმა.

ასეთ ტურბულენტურ საერთაშორისო ვიათარებაში, სულ უფრო მეტი ქვეყანა უერთდება “გლობალური მართვის ინიციატივას”, რომელიც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, შარშან წამოაყენა. ეს ინიციატივა 5 მთავარ პრინციპს ეფუძნება: სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო სამართლის წესებს, მულტილატერალიზმს, ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას და რეალურ ქმედებებს.

ჩინეთის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, კობა კობალაძემ რამდენიმე, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მათ შორის, ქართველი სტუმარი და მისი თანმხლები დელეგაცია ჩინეთის ვეტერანების საქმეთა მინისტრმა პეი ძინძიამ მიიღო.

„პრეზიდენტ სი ძინპინის ბრძანებით, ვეტერანების საქმეთა სამინისტრო, ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ მოკლე დროში, ბევრ რამეს მივაღწიეთ ვეტერანების რესოციალიზაციისა და მათი პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ მნიშვნელობა ვანიჭებთ ვეტერანების ჩართულობას ახალგაზრდობის იდეურ-პატრიოტულ აღზრდაში”,- აღნიშნა პეი ძინძიამ.

შეხვედრას, ჩინეთის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვეტერანთა უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარების აუცილებლობაზე.

ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, კობა კობალაძემ საქართველოში დაპატიჟა ბატონი პეი ძინძია, რომლის ვიზიტის კონკრეტული თარიღი და პროგრამა, მხარეთა დიპლომატიურ უწყებებს შორის შეთანხმების შემდეგ დაზუსტდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და მისი თანმხლები დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო აკადემიას ესტუმრა. ჩინური მხარის მიწვევით, სწორედ, ამ აკადემიაში გაიარეს 16-დღიანი სპეციალური, საწვრთნელი კურსები ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მოხალისეთა გადამზადების გომბორის ცენტრის 8 და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4-მა წარმომადგენელმა.

კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.