Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამშაბათს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.
განსვენებული პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რასაც ნაშუადღევს მღვდელმთავრის დაკრძალვის პროცესია მოჰყვება - საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრამდე.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა. იგი 1977 წლიდან იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღვარი და ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულებს. იგი ცნობილია რომის პაპებთან მნიშვნელოვანი შეხვედრებით: იოანე პავლე II-სთან 1980 წელს ვატიკანში და 1999 წელს საქართველოში, ხოლო პაპ ფრანცისკესთან - 2016 წელს, ასევე საქართველოში.
„1980 წლის 6 ივნისი ეკუმენიზმის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ითვლება, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ვატიკანს ეწვია, რათა რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორი გაეცვალა. „ჩვენ ვხვდებით, როგორც ძმები“, - განაცხადა მაშინ პაპმა იოანე პავლე II-მ. „საქართველოს ეკლესია აფასებს წმინდა ანდრიას ქადაგებას; რომის ეკლესია კი წმინდა პეტრეს ქადაგებით დაფუძნდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1999 წლის 8 ნოემბერს, პაპ ვოიტილას კავკასიაში სამოციქულო ვიზიტისას, ილია II და იოანე პავლე II ერთმანეთს კვლავ თბილისში შეხვდნენ. 2016 წლის 30 სექტემბერს კი ილია II-მ თბილისში პაპ ფრანცისკეს უმასპინძლა, რომელსაც ძმურად გადაეხვია.