Loading data...
უჩა ჯაფარიძე - 120 საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, გამოიცემა მხატვარ უჩა ჯაფარიძის საიუბილეო წიგნი-ალბომი. 2026 წლის 26 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა „უჩა ჯაფარიძე - 120“.

ასევე, გამოფენა მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ფართო სპექტრს წარმოადგენს და აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი 73 ნამუშევარი დაცულია უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან.

უჩა ჯაფარიძე (1906 – 1988) ქართული სოცრეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა საბჭოთა ეპოქის კულტურულ პოლიტიკასა და მის მიერ განსაზღვრულ მხატვრულ პრიორიტეტებს. ამავე დროს, კარიერის ადრეულ წლებში ჯაფარიძე მონაწილეობდა XX საუკუნის ახალი ქართული ფერწერის ფორმირების პროცესში. მისი ადრეული ნამუშევრები ავლენს მოდერნისტულ ტენდენციებთან დიალოგს, მხატვრული ძიებების სითამამესა და ფორმალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს.

სოციალისტური რეალიზმი - საბჭოთა კულტურული პოლიტიკის მიერ ოფიციალურად დამკვიდრებული მხატვრული მეთოდი - ხელოვნებას არა მხოლოდ სინამდვილის რეალისტურ ასახვას, არამედ საბჭოთა საზოგადოების იდეოლოგიურად სასურველი სახის შექმნასაც აკისრებდა. სოცრეალისტურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კოლექტიური შრომის, სოციალური გარდაქმნის, გმირობის, ოპტიმიზმისა და ახალი ადამიანის ფორმირების თემებს. ამგვარად, მხატვრული ნაწარმოები სახელმწიფო იდეოლოგიის, საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ისტორიული ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად იყო ქცეული.

უჩა ჯაფარიძის შემოქმედებაში სოცრეალიზმის პრინციპები ვლინდება როგორც თემატურ არჩევანში, ისე რეალისტურ მხატვრულ ენაში. მისი მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიული და საზოგადოებრივი თემატიკის კომპოზიციებს, შრომის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებსა და ჟანრულ სცენებს.

მხატვრის ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი და საპატიო წოდებით აღინიშნა.

ამასთანავე, ჯაფარიძის ხელოვნება ოფიციალური იდეოლოგიური პროგრამით არ შემოიფარგლება. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად, ნოსტალგიურ და უშუალოდ ნაცნობ მოტივებს: მშობლიურ რაჭას, სოფლის ყოფას, ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს. რეალისტურ ჩანახატებში, ეტიუდებსა და ჟანრულ სურათებში თითოეული ფიგურა ინდივიდუალური ხასიათითაა წარმოდგენილი. ოფიციალური მხატვრული დოქტრინისა და მხატვრის პირადი გამოცდილების ურთიერთმიმართება გამოფენის ერთ-ერთი მთავარი საკურატორო ხაზია.

უჩა ჯაფარიძემ დაწყებითი სამხატვრო განათლება ონის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისში, მოსე თოიძის სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოსე თოიძესთან, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ევგენი ლანსერესთან, სანდრო ციმაკურიძესა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ადრეულ შემოქმედებაზე. მოგვიანებით ჯაფარიძე ჩამოყალიბდა თვითმყოფად რეალისტ მხატვრად და ამ მხატვრული ენის ერთგული სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

რეტროსპექტივა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს უჩა ჯაფარიძის შემოქმედების ჟანრულ და სტილისტურ მრავალფეროვნებას და უფრო სრულად დაინახოს მისი ადგილი XX საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიაში. ექსპოზიცია ერთ სივრცეში წარმოაჩენს მხატვრის ოფიციალურ, საზოგადოებრივად ორიენტირებულ ნამუშევრებსა და მისი პირადი სამყაროს ამსახველ კომპოზიციებს.