წმინდა ცეცხლი საქართველოშია
ქართულმა დელეგაციამ წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოაბრძანა.
წმინდა ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება.
სიონის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ლიტურგია საღამოს 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება.
ზეციური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე საქართველოს დროით 15:14 საათზე გადმოვიდა. საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. მანამდე თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა, უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15:09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.
მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.