Loading data...
ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის (CETS 225) ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის შესახებ სინგაპურში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა, ამავდროულად, ევროპის საბჭოს ხელოვნური
ინტელექტის კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს წევრია და შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჩარჩო კონვენციის შექმნის პროცესის მონაწილეა.

დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრა იმ პრაქტიკულ მაგალითებზე, თუ როგორ შეცვალა ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა ადამიანის ყოველდღიურობა; რა ტიპის საფრთხეებს უქმნის შეცვლილი რეალობა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას. ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს სტრატეგიას აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. კონვენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 5 სექტემბერს ვილნიუსში გამართულ ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე მოაწერა ხელი.

„ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ“ (Empowering Through Digital Technologies) საერთაშორისო კონფერენცია სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი მოწვეული მომხსენებელი, მკვლევარი და პრაქტიკოსი სპეციალისტი მონაწილეობდა.

კონფერენციის ძირითადი თემები იყო ციფრულ ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულაციები, ინკლუზიურობა ციფრულ კონტექსტში და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით გაძლიერების პერსპექტივები.