ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი სასერტიფიკატო კურსი ჩაატარა
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსის მიზანია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება, ან გადამზადება.
ტრენინგზე ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და მხარდაჭერის პრინციპები და სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს.
მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული
ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, ისევე, როგორც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად.
ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლები. დასკვნით დღეს მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატს მიიღებენ.