Loading data...
ციფრული მმართველობის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებგვერდების მისაწვდომობის სტანდარტზე მუშაობს

ციფრული მმართველობის სააგენტო ჩართულია ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესში.

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სტანდარტის დანერგვის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ციფრულ გარემოში ინფორმაციის, სერვისებისა და ფუნქციების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის ზოგიერთ სუბიექტს დაეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების შესაბამისობა ვებმისაწვდომობის მოთხოვნებთან.

სტანდარტების შემუშავების პროცესში სააგენტოს როლი მოიცავს ვებმისაწვდომობის ტექნიკური და პრაქტიკული ასპექტების ანალიზს, ასევე ციფრული სერვისების, ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭირო მიდგომების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას.

ახალი რეგულაცია საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2027 წლის პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს.