Loading data...
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ მიმოიხილა 2024 - 2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვამდე და დანერგვის პროცესში დააგროვა. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან, ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლების, ინფორმირებულობისა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.