ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს: კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები, უკვე წლებია, არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს. კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.