Loading data...
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს.

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა.

ლევან რატიანის თქმით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან მალე უნდა მოიხსნას.

გულმკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

პარალელურად, თორნიკე რიჟვაძის, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად, ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.