ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ადგილზე საავტომობილო გზა სრულად არის გადაკეტილი.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტყიბულის მერის დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. ამასთან, როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს.