თინათინ რუხაძემ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში - „კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი - რბილი ძალის პლატფორმა დიპლომატიაში“
მინისტრმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა უწყების მიერ 2025 წელს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე და მიმოიხილა 2026 წელს დაგეგმილი ძირითადი პროექტები.
„სამინისტროს მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში საქართველოს პოზიციონერება როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა გზაჯვარედინის, უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქვეყნის, როგორც ქვეყნის, სადაც ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საგანძური ინახება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მან ყურადღება გაამახვილა UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ხორბლის ტრადიციების შეტანაზე და ხაზი გაუსვა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში განხორციელდა 140-მდე საერთაშორისო პროექტი. გაიმართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ლევილის ისტორიულ-კულტურული ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის დასრულებასა და საზეიმო ინაუგურაციას საქართველოს მთავრობა 2026 წლის სექტემბერში გეგმავს.
თინათინ რუხაძის თქმით, 2026 წელს ქართული კულტურის დღეები ჩატარდება უნგრეთსა და უზბეკეთში, ასევე, ლონდონის წიგნის ბაზრობასა და პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საგანგებო სტუმრის სტატუსით; ვენეციის 61-ე ბიენალეზე ქვეყანა ეროვნული პავილიონით წარდგება; დაგეგმილია სახელმწიფო თეატრების, ორკესტრებისა და ანსამბლების გასტროლები და სხვ.
მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თინათინ რუხაძემ ისაუბრა პროექტ „Georgia Collection-ზე“, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს როგორც უძველესი მემკვიდრეობის მქონე ქვეყანას. მინისტრმა ამ საქმეში პარტნიორი სამინისტროების, მსოფლიოს კულტურული ინსტიტუციებისა და საელჩოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართული სამუშაო სესია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. მასში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.