თინათინ რუხაძე: კანონი არის უზენაესი და ვიდრე არ იქნება ცნობილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, არ მაქვს უფლება, ამ პროცესში ჩავერიო

კანონი არის უზენაესი და ვიდრე არ იქნება ცნობილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება, ამ პროცესში ჩავერიო, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ მსახიობ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რას ელოდებით ახლა, ვიტყვი, რომ ვიცნობ? ვიცნობ. ვიტყვი, რომ ანდრო კარგი ახალგაზრდაა, კი ბატონო, ძალიან სიმპათიური, კარგი ახალგაზრდაა; ვიტყვი, რომ არც ერთი ადამიანი ციხისთვის არავის არ ემეტება, არც ახალგაზრდა და არც ძველგაზრდა. აი, ეს არის ჩემი პოზიცია ადამიანურად. როგორც მინისტრი, გეტყვით, რომ კანონი არის უზენაესი და ვიდრე არ იქნება დადგენილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება, ამ პროცესში ჩავერიო. არ ვარ იურისტი და არ ვიცი ახლა როგორ უნდა გელაპარაკოთ ამ თეზებით, რაც არ არის ჩემი სფერო. ჰკითხეთ იურისტებს და ჰკითხეთ სასამართლოს სპეციალისტებს. შემიძლია, ადამიანურად გითხრათ, რომ კი ბატონო, ძალიან რთულია.
ძალიან ცუდია, რომ ამ ქვეყანაში მერამდენე გადატრიალების მცდელობებს ვუყურებთ; ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების ხელით, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან ყველაზე დიდი ბედნიერება და საგანძური, რაც შეიძლება გვქონდეს, ჩვენი მომავალია. ძალიან კარგად ვიცი, რომ ემოციებზე გადის ეს ყველაფერი და ადვილად სამართავად ჩათვალეს ეს გულანთებული ახალგაზრდები. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს აბსოლუტურად უცხოური ჩარევაა და თავზე მოხვეულია“, - აღნიშნა რუხაძემ.
ამ განცხადებით თინათინ რუხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია კულტურის მინისტრის პოზიცია მუსიკისა და დრამის თეატრის დასის წევრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, რამდენად იცნობს ამ საქმის მასალებს და არის თუ არა მისთვის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურას აქვს, მით უმეტეს, როცა დაცვის მხარე მუდმივად მიუთითებს, რომ ამ საქმის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და არიან ცრუ მოწმეები.