Loading data...
The Wall Street Journal: „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ

„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის საოჯახო ფირმამ მიდგომა საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისადმი ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში“, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal.

„ტრამპის ორგანიზაცია“ (The Trump Organization) და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას. პროექტის პარტნიორი მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.

ცათამბჯენი მოიცავს მდიდრულ რეზიდენციებს, სავაჭრო ობიექტებსა და სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობას. პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler მუშაობს, ხოლო მას ზურგს უმაგრებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული უძრავი ქონების კომპანია Archi Group და Biograpi Living.

წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapir Organization-ი, რომელიც ტრამპის ძველი პარტნიორია.

დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მოყოლებული, „ტრამპის ორგანიზაცია“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა საერთაშორისო ლიცენზირებასა და ბრენდინგთან დაკავშირებულ გარიგებებს, რაც მისი ბიზნესის ძირითად ნაწილად იქცა.

პრეზიდენტის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს.

2012 წელს „ტრამპის ორგანიზაციამ“ გამოაცხადა გეგმები უძრავი ქონების პროექტის შესახებ საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, ისევე, როგორც სხვა მრავალ უცხოურ გარიგებაზე, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შთაბეჭდილება.

სტატიის თანახმად, თავად საქართველოს გეოპოლიტიკურად სენსიტიური პოზიცია უკავია - იგი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობებსა და რუსეთთან არსებულ დაძაბულობას შორის. ბოლო წლებში ქვეყანა ასევე ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით.

Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს. Biograpi Living-ს ზურგს კი მსხვილი ქართული კონგლომერატი უმაგრებს, რომლის ინტერესებიც ენერგეტიკას, საცალო ვაჭრობასა და უძრავ ქონებას მოიცავს.

Sapir Organization-ს განხორციელებული აქვს მაღალი დონის პროექტები მანჰეტენსა და მაიამიში და ტრამპის ოჯახთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს საპირმა პროექტი პერსონალურ ჭრილში დაახასიათა. მან პრესრელიზში ხაზი გაუსვა თავისი ოჯახის ქართულ ფესვებს და აღნიშნა, რომ ეს დეველოპერული პროექტი არის გზა, რათა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“ ქვეყნის მომავალში.