Loading data...
The Guardian: პარიზი ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულთათვის უსაფრთხო ქალაქია

საფრანგეთის დედაქალაქი ევროპულ რეიტინგში პირველ ადგილს არავის უთმობს. აღმოჩნდა, რომ პარიზი ველოსიპედით გადაადგილების მოყვარული ბავშვებისთვის ნომერ პირველი ქალაქია, უსაფრთხოების და გამართული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რეიტინგში საფრანგეთის დედაქალაქმა ამსტერდამს გადაასწრო. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

„წამყვან ქალაქებს შორის, ზოგიერთი - როგორებიცაა ამსტერდამი და კოპენჰაგენი - ფართოდ არის აღიარებული და ცნობილია, რომ მათ სატრანსპორტო რედიზაინი ათწლეულების წინ დაიწყეს“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 36 ევროპულ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების მხრივ, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს და ინფრასტრუქტურას იკვლევდა, „სხვებმა - როგორებიცაა პარიზი, ბრიუსელი და ლონდონი - უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეს. მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შედარებით მოკლე დროში განხორციელდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში. 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქმა პირველ ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 2024 წლის ოლიმპიადისთვის 180 კმ-იანი სიგრძის ველობილიკები დააგო. ცნობილია, რომ პროექტი ქალაქს 250 მილიონი ევრო დაუჯდა. 

პარიზისა და ამსტერდამის შემდეგ, საპატიო მესამე ადგილს ანტვერპენი იკავებს. უსაფრთხო ქალაქების სიაშია ბრიუსელი, ლიონი, ჰელსინკი, ბარსელონა, ბრისტოლი, ოსლო და გენტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ქალაქებში ბავშვთა ველოსიპედით გადაადგილება მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ევროკავშირის მოსახლეობის 70% ურბანულ რაიონებში ცხოვრობს, მცხოვრებთა 14% კი, 14 წლამდე ასაკისაა.