Loading data...
თემურ მღებრიშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: ეს იყო ურთულესი ღონისძიება - მძიმე ტექნიკის საშუალებით, ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტები ეტაპობრივად ამოიტანეს, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს, ამწის მეშვეობით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა

„ეს იყო ურთულესი ღონისძიება. მძიმე ტექნიკის საშუალებით, ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტები ეტაპობრივად ამოიტანეს, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა.

„ამწის მეშვეობით ქირურგიული სიზუსტით მოხერხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა, რამაც მოგვცა საშუალება და სივრცე გამოაჩინა, რომ უფრო მეტი მეხანძრე-მაშველი შესულიყო ტერიტორიაზე და უფრო სწრაფად გაგრძელებულიყო ძებნა-შველის ღონისძიებები“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.