Loading data...
თეა წულუკიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ფაქტების ანალიზზე დაფუძნებული, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ მომავალ სარჩელსა თუ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომ სათანადოდ გამოიყენოს ეს დოკუმენტი

„კომისიის წევრების ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგად, ასევე, სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოს მიღმა ყველა იმ ორგანიზაციის თანამშრომლის შედეგად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დასკვნა იქნება იმ ამბიციის შესაბამისი, რაც ჩვენ პირველივე სხდომაზე განვაცხადეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

„ეს არ იქნება ცარიელი პოლიტიკური შეფასებები ან დეკლარაციები, ეს დოკუმენტი იქნება ფაქტების ანალიზზე და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებები. სწორედ ეს მისცემს საშუალებას, ნებისმიერ მომავალ სარჩელსა თუ სხვა დოკუმენტს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომ სათანადოდ გამოიყენოს ეს დასკვნა.

ეს იქნება ყველასთვის გამოყენებადი დოკუმენტი და ეს ამბიცია, რაც ჩვენ დავისახეთ დაკმაყოფილდება. ჩვენ შევეცადეთ, რომ რა ენითაც დასკვნა იწერება, იყოს ნაკლებად ბიუროკრატიული, ნაკლებად ჰერმეტული, რაც ხშირად ახასიათებს სახელმწიფო დოკუმენტებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ისე შეგვედგინა, რომ ნებისმიერი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლისთვისაც იყოს საინტერესოდ წასაკითხი, ფაქტებზე დაფუძნებული, რადგან პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს მისია დაგვაკისრა, რომ ის, ვინც ვერ შეესწრო ასაკის გამო იმ პერიოდს, მისთვის იყოს საინტერესო და საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.