თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში „ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობის გაძლიერება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გახსნით სესიაზე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დანერგილ საუკეთესო პრაქტიკაზე ინფორმაციის გაცვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მკაფიოდ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ყოველი გაუჩინარებულად მიჩნეული პირის მოძიება და იდენტიფიცირება, პროცესის თითოეული მონაწილის და საზოგადოდ ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს.
„დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ბაქოს დიალოგის ფარგლებში წარმოგვედგინა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის შედეგები, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, ასევე არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო ხედვა. შედგა მეტად საინტერესო დისკუსია, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციას უგზო-უკვლოდ გაუჩინარების გამოწვევის გარშემო, რომლის წინაშე დგას მსოფლიოს არა ერთი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შემთხვევა განსხვავებული და უნიკალურია, ყოველ მათგანს აკავშირებს ადამიანური ტრაგედიების ისტორიები, რასაც რა თქმა უნდა სჭირდება სათანადო რეაგირება, ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით, მათ შორის ექსპერტიზის და საუკეთესო დანერგილი პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომის პატიმრების, ტყვეების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ალი ნაღიევის მოწვევით იმყოფებოდა.
კონფერენციის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი გაძლიერება, რაც საკითხის სხვადასხვა ასპექტით განხილვას, ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.