„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას
„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი პაპავას განცხადებით, საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები.
„მთელი თბილისის მასშტაბით, როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, გუშინ სამჯერ, ზოგან ოთხჯერაც კი დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე, საწმენდი საშუალებით გაწმინდა.
გზებთან ერთად, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები, რათა როგორც საგზაო ნაწილი, ასევე, ფეხით სასიარულო ნაწილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო.
ყველა თანამშრომელი არის ყაზარმულ რეჟიმზე გადასული. ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება თოვლისა და ყინულისგან“, - აცხადებს გიორგი პაპავა.
ცნობისთვის, თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფი“ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.