Loading data...
თბილისში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში 14 ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები.

კონფერენციაზე განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის – დიზაინის როლს, ასევე, დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და WIPO-ს სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის დირექტორმა მარკუს ჰოპერგერმა. კონფერენციის მონაწილეებს ჟენევიდან დისტანციურად მიმართა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ინიციატივით უკვე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რიადის ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების მიზნით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

„მადლობას ვუხდი საქპატენტს ამ კონფერენციის ინიცირებისა და ორგანიზებისთვის. ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და ზოგადად, განვითარებისთვის კრეატიული ინდუსტრიების როლი უმნიშვნელოვანესია. კულტურა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია, დიზაინი კი მისი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მასპინძლობს კონფერენციას, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო რეგიონის ჰაბია კრეატიული ინდუსტრიების განვითარების კუთხით. ამ კონფერენციით ვადასტურებთ ჩვენს შესაძლებლობებს და მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კონფერენციის სესიების პარალელურად, მოეწყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ეროვნული ბრენდები: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.