Loading data...
თბილისში ტრამვაი ბრუნდება - გამოცხადებულ კონკურსში სამი თურქული და ერთი ჩინური კომპანია იბრძვის

ტენდერი დასრულებულია - თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად ოთხი საერთაშორისო კომპანია იბრძვის. 36-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრამვაი დედაქალაქს ახალი სატრანსპორტო ხაზით უბრუნდება. მარშრუტი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნის გავლით, მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დასრულდება.

31 მარტი - ეს იყო საბოლოო ვადა, როდესაც კომპანიებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სატენდერო წინადადებები წარადგინეს. პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი სულ ოთხმა მსხვილმა სუბიექტმა გამოთქვა, მათ შორის სამი თურქული და ერთი ჩინური კომპანიაა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 416 მილიონ ლარს შეადგენს.

სტამბოლის, სოფიას, მუმბაისა და რიადის მეტროს ხაზების მშენებლობა - პრეტენდენტ კომპანიებს ანალოგიური მასშტაბის პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წარდგენილი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა უკვე დაწყებულია. გამარჯვებული კომპანია მას შემდეგ გამოვლინდება, რაც ტენდერის პირობებთან შესაბამისობა დადასტურდება. პროექტის მიხედვით, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ 7.5-კილომეტრიანი ხაზი დააკავშირებს.

მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელდება და ჯამში სამ წელს გაგრძელდება. მარშრუტზე 11 გაჩერება მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მშენებლობას, რომელიც 11 ერთეული ტრამვაის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. ახალი ვაგონები სრულად დააკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და კომფორტის საერთაშორისო სტანდარტებს. სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, მხარეებს შორის ხელშეკრულება მალევე გაფორმდება. მაღალი გამტარუნარიანობა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და მგზავრობის დროის შემცირება - ეს ის მთავარია ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინებითაც მერიამ ტრამვაის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.