Loading data...
თბილისში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ.

მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი 2026 წელს დასრულდება.

„სამგორის რაიონში, მესამე მასივში მიმდინარეობს კიდევ ერთი ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი. რაც შეეხება მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამას, ამის შესახებ პირველად 2021 წელს განვაცხადეთ. პირველი, რაც გავაკეთეთ - მოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობაა. მათ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის სტატუსი აქვთ. ამის შემდეგ წარვუდგინეთ საზოგადოებას პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით ასეთ შენობა-ნაგებობებში მცხოვრებ ოჯახებს. ხორციელდება ძველი საცხოვრებლის დემონტაჟი და მის ნაცვლად შენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე კორპუსი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ოჯახებს გადაეცემათ გარემონტებული ბინები. სანამ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, იქამდე ქირით გვყავს გაყვანილი ისინი და ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი იღებს საკუთარ თავზე. როდესაც პროექტი დასრულდება, ამ ადამიანებს გადაეცემათ გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ, მეტ მათგანს დავუდგეთ გვერდით და მეტი ავარიული კორპუსი ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მიმდინარე წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან „ბკ ქონსთრაქშენთან“. აღნიშნულ მისამართზე, ავარიული 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა. პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო მეორე სართულიდან მეათე სართულის ჩათვლით განთავსდება 79 საცხოვრებელი ბინა. 36 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, ჯამში: 2234 კვ.მ, ხოლო 43 ბინა მონაწილეობს ნატურით ანგარიშსწორებაში, საერთო ფართით: 2534 კვ.მ.