Loading data...
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეულს უკავშირდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნულმა სკრინინგცენტრმა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.

მიმდინარე კვირაში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„ეროვნული სკრინინგცენტრი უერთდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას და თბილისის სატელევიზიო ანძას ზურმუხტისფრად ანათებს. აღნიშნული სიმბოლური ჟესტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სკრინინგის, ადრეული გამოვლენის მნიშვნელობას, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე პრევენტირებადი დაავადება მისი ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში. ეროვნული სკრინინგცენტრი მოუწოდებს ქალებს, ისარგებლონ სკრინინგული პროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

„აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ. წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.