თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მსგავსი ტურნირები აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მოაზროვნე და აქტიურია ახალგაზრდობა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში ვმასპინძლობთ სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის დაჯილდოების ცერემონიას. ეს ტურნირი ნათლად აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მოაზროვნე და აქტიურია ჩვენი ახალგაზრდობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივამ გააერთიანა თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები და ასზე მეტი ახალგაზრდა ჩართო ცოდნაზე, ანალიტიკურ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებულ კონკურენციაში. მჯერა, დღევანდელი გამოცდილება იქნება თქვენი შემდგომი წარმატებების მყარი საფუძველი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტები დააჯილდოვეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ქარსელაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე მუკათარიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ტურნირის ორგანიზატორებმა.
ტურნირში, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცოდნასა და გუნდურ მუშაობაში გაუწიეს კონკურენცია.
ინიციატივამ ჯამში 100-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება.
პროექტი თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა.