Loading data...
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. 

საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.

თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე, ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და ორჰანღაზის ქართველობას და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.

თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.